ბალტო და ტოგო - ალასკის გმირები
ბალტო და ტოგო - ალასკის გმირები
1925 წლის ეპოპეა ძაღლების მონაწილეობით
(ადამიანის ოთხფეხა მეგობრები)
1925 წლის იანვარში ალასკის შტატის პატარა ქალაქ ნომიდან ტელეგრაფით მოვიდა შეტყობინება: “ნომი იძახებს! ნომი იძახებს! ჩვენთან დიფტერიის ეპიდემიის აფეთქებაა! არ გვაქვს შრატი, სასწრაფოდ გვესაჭიროება დახმარება! ნომი იძახებს!” ეს შეტყობინება ახლომდებარე ყველა ქალაქში მიიღეს, თუმცა დახმარება რეალურად არავის შეეძლო. საავადმყოფოებში დიფტერიის საწინააღმდეგო ანტიტოქსინი არ აღმოაჩნდათ.
XIX საუკუნეში ოქროს ციებ-ცხელების შედეგად გაჩენილი პატარა დასახლება ნომი 1925 წლისთვის 1429 კაცს ითვლიდა. ეს ქალაქი თითქმის მოწყვეტილი იყო გარესამყაროს და ფაქტობრივად, ქვეყნის დასალიერზე მდებარეობდა. მკაცრი არქტიკული ზამთარი კიდევ უფრო მიუდგომელს ხდიდა ნომს. სახიფათო ინფექცია ძალას იკრებდა. დიფტერიის პირველი მსხვერპლი გახდა 5 წლის ინუიტი ბიჭუნა. მალე 7 წლის გოგონაც დაიღუპა. ავადდებოდნენ ძირითადად ბავშვები და მოზარდები. ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ნომის ერთადერთი ექიმი კურტის უელჩი უძლური იყო რამე მოემოქმედებინა. საავადმყოფოში არსებული ანტიტოქსინის შრატი ვადაგასული იყო. ნომიდან ყველაზე ახლოს ანტიტოქსინი ჰქონდათ ალასკის სამხრეთ ნაწილში მდებარე, 1528 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ანკორიჯში. წარმოუდგენელმა ყინვამ, თოვლმა, ძლიერმა ქარბუქმა, ნისლმა ყოველმხრივ გზა მოუჭრა ადამიანებს წამლის ტრანსპორტირებისთვის. წლის განმავლობაში შვიდ თვეს ნომის სანაპირო ყინულით იყო დაფარული. საზღვაო სანავიგაციო სეზონი დიდი ხნის დამთავრებული იყო და ანკორიჯიდან ნომამდე გემით წამლის მიტანა ვერ მოხერხდებოდა. ძლიერი ქარბუქისა და ყინვის გამო ვერ შეძლეს ანკორიჯში არსებული ღიაკაბინიანი თვითმფრინავის ამუშავება. სიეტლიდან აეროპლანით წამლის წამოღებაც არქტიკული შტორმის გამო ჩაიშალა. რჩებოდა ერთადერთი შესაძლებლობა - მატარებელი. თუმცა ანკორიჯიდან გამომავალი სარკინიგზო ხაზი მთავრდებოდა ცენტრალურ ალასკაში მდებარე ქალაქ ნენანაში. ამ ადგილიდან კი ნომამდე კიდევ 1085 კილომეტრი რჩებოდა.
დრო არ ითმენდა. მატარებლით ანტიტოქსინი უკვე ნენანაში მიიტანეს, ერთადერთ იმედს წარმოადგენდა მარხილში შებმული ძაღლები. მხოლოდ ისინი თუ შეძლებდნენ ნენანასა და ნომს შორის ურთულესი გზის გავლას. ქალაქის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, მარხილში შებმული ძაღლების ჯგუფები შეექმნათ, რომლებიც მძიმე გზას მონაკვეთებად დაინაწილებდნენ.
მარხილში შებმულ ძაღლებს ისტორიულად ძველი დროიდანვე იყენებდნენ ევროპის, აზიისა თუ ჩრდილოეთ ამერიკის არქტიკულ რეგიონებში. ეს ტრადიცია არსებობდა ციმბირშიც, ძველ ესკიმოსებშიც, ასევე გრენლანდიის, ლაპლანდიისა და ისლანდიის მცხოვრებთა შორის. როგორც წესი, მარხილის შიდა მხარე დათბუნული იყო ბეწვეულით. იყო 5- ან 4-ძაღლიანი, ასევე 12- ან 10-ძაღლიანი მარხილები. ამ საქმისთვის განკუთვნილი ძაღლები გამოირჩეოდნენ სისწრაფით, ძალით, გამძლეობით. ყველა ეს თვისება ძალიან სჭირდებოდათ იმ ძაღლებს, რომლებიც 1925 წლის ისტორიულ მარშრუტს გაჰყვებოდნენ ნენანიდან ნომამდე. გზა რომ რთული იქნებოდა, ამას ყველა ხვდებოდა. ნომში შეეცადნენ, მარხილებისთვის საუკეთესო კაიურები (მარხილის ძაღლების ხელმძღვანელი) აერჩიათ. ეს საქმე თავად გუბერნატორმა აიყვანა პირად კონტროლზე. მან ოფიციალურად დაამტკიცა მარხილებით ნომამდე წამლის მიტანის გეგმა. გუბერნატორმა სკოტ ბონმა ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო განყოფილების უფროსს დაავალა საუკეთესო ძაღლები და კაიურები შეერჩიათ, რადგან ნებისმიერი შეცდომა შეიძლება ძვირად დასჯდომოდათ.
9-კილოგრამიანი შრატის კონტეინერი ნენანის რკინიგზის სადგურში 27 იანვრის ღამით გადასცეს ბილ შენონს. გაუსაძლისი ყინვისგან დასაცავად ყუთი ირმის ბეწვში იყო გახვეული. შენონის მარხილს მარშრუტის პირველი მონაკვეთი უნდა გაევლო და კონტეინერი ნენანადან ტოლოვანაში მიეტანა. წამზომი ჩაირთო... გადაწყდა, მარხილებს შეუსვენებლად ევლოთ დღისითაც და ღამითაც. ამიტომ მთლიანი გზა სხვადასხვა ზომის მონაკვეთად დაიყო. შეხვედრის პუნქტში წინამორბედს ელოდებოდა დასვენებული მარხილი, რომელსაც თავის მხრივ გზის ბოლოში მომდევნო მარხილი ელოდებოდა. ამ დროისთვის ცენტრალურ ალასკაში ჰაერის ტემპერატურა -47 გრადუსამდე დაეცა. ნომსა და ნენანას შორის გადაშლილ ტუნდრაში არქტიკიდან წამოსული ცივი ქარი უბერავდა. შენონის ძაღლებმა კარგად იარეს. მგზავრობისას ტემპერატურამ -52 გრადუსამდე დაიწია და შენონს ცეცხლის დანთებამ მოუწია წამლის გასათბობად. 28 იანვარს მისი მარხილი დანიშნულების ადგილას იყო. შრატი ედგარ კელენდესმა გადაიბარა. იგი მენლი ჰოტ სპრინგსამდე უნდა მისულიყო. გამგზავრებამდე მასაც მოუწია წამლის გათბობამ. იმავე დღეს მარხილმა მშვიდობიანად ჩააღწია მენლი ჰოტ სპრინგსამდე. საერთო ჯამში ძაღლებმა უკვე 134 კილომეტრი გაიარეს. მესამე მონაკვეთზე შრატის გადატანა დენ გრინმა დაიწყო. მას ფიშ ლეიკში ელოდებოდა ჯონი ფოლჯერი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და 28 იანვარსვე შრატმა ფიშ ლეიკს მიაღწია. ამ პუნქტამდე მარხილების მარშრუტი აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მდინარე ტენანას მიუყვებოდა, ფიშ ლეიკიდან კი ძაღლების გზა უკვე ალასკის მთავარ მდინარეს - იუკონს გაჰყვა. საქმეში ჯონი ფოლჯერი და მისი ძაღლები ჩაერთვნენ. მათ წამალი ტენანაში უნდა ჩაეტანათ. მარხილმა წარმატებით გაიარა 42-კილომეტრიანი მონაკვეთი და 29 იანვარს წამალი უკვე სემ ჯოზეფის მარხილში იყო. ჯოზეფს კელენდსში ელოდებოდნენ. მანაც სწრაფად გაიარა 55-კილომეტრიანი გზა.
ამ პუნქტის შემდეგ ერთიანი მარშრუტის კიდევ 11 სხვადასხვა სიგრძის მონაკვეთი გაიარეს. დანიშნულების ადგილებში შრატს ახალი მარხილი იბარებდა. ძაღლებისა და ადამიანების თავგანწირვით ნომისკენ მიმავალი წამალი ხელიდან ხელში გადადიოდა და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი მანძილიც მცირდებოდა. 31 იანვრისთვის ანტიტოქსინი უკვე შაკტულიკში იყო. აქედან ყველაზე რთული მონაკვეთი იწყებოდა. ამინდიც გაუარესდა და ძნელი წარმოსადგენია, რა ბედი ეწეოდა წამოწყებას, რომ არა გასაოცარი ძაღლების - ბალტოსა და ტოგოს თავგანწირვა. ისევე როგორც მათი პატრონებისა - გუნარ კაასენისა და ლეონარდ სეპალასი.
31 იანვარს კაიურმა მაილს გონანგნიანმა ანტიტოქსინი ჩაიტანა სოფელ შაკტულიკში. მისმა ძაღლებმა 64 კმ გაიარეს. წამალი კვლავ გაათბო ჰენრი ივანოფმა და ლეონარდ სეპალას მარხილთან შესახვედრად გასწია. ქარბუქი იმდენად ძლიერი იყო, რომ გზის გარჩევა თითქმის შეუძლებელი გახდა. ტემპერატურა -64 გრადუსამდე ჩამოვიდა. გაჩნდა საფრთხე, რომ ივანოფი ვეღარ გაიკვალავდა გზას და სეპალას ასცდებოდა. ქარბუქის გამო კინაღამ ასეც მოხდა, ივანოფმა შემთხვევით შენიშნა საწინააღმდეგო მხრიდან მომავალი სეპალა. თუმცა ამ უკანასკნელმა ივანოფი ვერ შენიშნა და ანტიტოქსინით დატვირთულ მარხილს გვერდით ჩაუარა. ივანოფმა ძაღლები სასწრაფოდ შემოაბრუნა და სეპალას დაედევნა. ივანოფმა დაიყვირა: “შრატი! შრატი! ის მე მაქვს!” საბედნიეროდ, სეპალამ ძახილი გაიგონა, მარხილი შეაჩერა და ანტიტოქსინი გადაიბარა. მის ძაღლებს წამალი გოლოვინში უნდა ჩაეტანათ. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს მარშრუტის ურთულესი მონაკვეთი იყო. ამ გზის გავლა ალბათ ვერც მოხერხდებოდა, რომ არა გამოცდილი კაიური სეპალა და მისი ძაღლი ტოგო.
ტოგო იყო მოზრდილი, 22-კილოგრამიანი ციმბირული ჰასკის ჯიშის ძაღლი. სეპალას ძაღლებმა სამ დღეში 247 კილომეტრი ნისლში, ყინვაში, ქარბუქსა და გრიგალისებურ ქარში გაიარეს. ხილვადობა იმდენად ცუდი იყო, რომ სეპალამ ყველანაირი ორიენტაცია დაკარგა. ერთ-ერთ კრიტიკულ მომენტში მარხილის მართვა მან მთლიანად ტოგოს მიანდო. ძაღლი უშეცდომოდ იკვალავდა გზას. თუმცა მთავარი სირთულე წინ იყო. ანგელიკთან მისვლისას სეპალამ დროის მოსაგებად მოკლე გზით წასვლა გადაწყვიტა, ამისთვის კი ნორტონის გაყინული ყურე უნდა გადაეკვეთა. ეს ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ სეპალამ იცოდა თითოეული წუთის ფასი და უდიდეს რისკზე წავიდა.
მთელი გზა ძაღლების თათებქვეშ ნორტონის ყურის გაყინულ ზედაპირს ტკაცუნი გაუდიოდა. ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა ყინული გამსკდარიყო და და მარხილი წყალში ჩაეტანა. ერთგან ყინული მართლაც გაიბზარა მარხილის ირგვლივ და ძირითად მასას მოწყდა. ყინულის კუნძულზე დარჩენილი ტოგო და მარხილი რამდენიმე საათს ნორტონის ყურის წყლებში დრეიფობდა. საბოლოოდ ყინულის ნაგლეჯი დინებამ ნაპირამდე მირიყა. ყინულის კუნძულს მთლიანი ყინულის ზედაპირამდე მეტრ-ნახევარი აშორებდა. ტოგო გადახტა. მისი ყელსაბამი გაიხა. ძაღლმა კბილებით ამოიტანა იგი წყლიდან და ყინულის კუნძული თავისკენ მოზიდა. მეორე მხარეს ტოგოსთან ერთად სეპალაც იყო გადასული. ძაღლისა და ადამიანის საოცარი სიმამაცის წყალობით მარხილი “დიდ ყინულზე” გადავიდა და გზა განაგრძო. ნორტონის ყურის დარჩენილი ნაწილის გავლისას სეპალა ცდილობდა, მოხუცი ესკიმოსის რჩევისამებრ, ნაპირთან რაც შეიძლება ახლოს ევლო. თუმცა ყინულის გასკდომისა და წყალში ჩავარდნის საშიშროება მაინც სავსებით რეალური იყო. თუმცა საოცარი ძაღლის დახმარებით სეპალამ ნორტონის ყურის სწრაფი გადალახვა და დაკარგული დროის ანაზღაურება შეძლო.
მარხილში თითოეული ძაღლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ მთავარი ამოცანა მაინც წინამძღოლ ძაღლს ეკისრება. ნომელების ბედად, ეს ტოგო იყო. სიმამაცესა და გამძლეობასთან ერთად, ძაღლი შეუცდომლად იკვლევდა უსაფრთხო გზას, მარშრუტს ღამის სიბნელეშიც კი არ აცდენილა. ყინულის ნასკდომებსა და ღრმულებს მარხილმა თავი მისი მეშვეობით აარიდა. ტოგო დაღლილ და გაყინულ ძაღლებს აიძულებდა, ემოძრავათ და არ დანებებულიყვნენ. გზად სეპალას ძაღლებმა 1500 მეტრის სიმაღლის მთაც გადაიარეს, ლიტლ მაკკინლი... სეპალამ გოლოვინამდე ჩააღწია. ტოგო იმდენად იყო დაღლილი, რომ სირბილი ფიზიკურად აღარ შეეძლო, თათებიც მოეყინა. იდგა 1-ელი თებერვალი. საერთო ჯამში სეპალას ძაღლებმა 418 კილომეტრი გაირბინეს.
ანტიტოქსინი ჩარლი ოლსონის მარხილმა გადაიბარა. ამ მომენტისთვის ნომში დიფტერიის შემთხვევების რაოდენობა 28-მდე ავიდა. ქარი 128 კმ/სთ- სიჩქარით უბერავდა. ექიმმა უელჩმა მარხილის შეჩერება გადაწყვიტა. იგი მძიმე არჩევანის წინაშე იდგა. მისი თქმით, უამინდობის პირობებში მარხილის დაღუპვისა და წამლის საერთოდ დაკარგვის საშიშროების გამო უმჯობესი იყო ანტიტოქსინის დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიღება. ჩარლი ოლსონს ბლაფში ელოდებოდნენ. ოლსონმა სწრაფად იარა და დანიშნულების ადგილას იმავე დღეს ჩავიდა. გზაში კაიურს მოყინვის გამო ხელები წაერთვა, როცა ძაღლებს საბანში ფუთნიდა. მისი თავგანწირვის შემდეგ ანტიტოქსინი წარმოშობით ნორვეგიელმა კაიურმა გუნარ კაასენმა ჩაიბარა. კაასენის მარხილის წინამძღოლი იყო ასევე ციმბირული ჰასკის ჯიშის ძაღლი ბალტო. ბლაფიდან ნომამდე 84 კილომეტრამდე იყო დარჩენილი. ეს ძნელი გზა იყო, გრიგალისებური ქარი არათუ ჩერდებოდა, არამედ პირიქით, ძლიერდებოდა.
ბალტო ამ ისტორიული მარშრუტის გავლის მომენტისთვის 6 წლის იყო. იგი 1919 წელს ნომში დაიბადა. მას სახელი ნორვეგიელი გეოგრაფის, მოგზაურისა და ეთნოგრაფის, სემიუელ ბალტოს პატივსაცემად დაარქვეს. ოქროს ციებ-ცხელებისას ერთხანს ნომში იმყოფებოდა. ბალტოზე დიდ იმედს არ ამყარებდნენ, რადგან სამარხილედ ნელ ძაღლად მიიჩნეოდა. თუმცა სულ მალე ყველამ დაინახა, რა შეძლებია ბალტოს.
მეცნიერთა ვარაუდით, ამ ჯიშის ძაღლები პირველად ჩუქჩებთან გაჩნდა. ჰასკებს ჰქონდათ ხშირი ბეწვი, წაწვეტებული ცხვირი, წამოზნექილი ყურები და აპრეხილი კუდი. XX საუკუნის დასაწყისიდან ამ ჯიშის ძაღლები აქტიურად შეჰყავდათ ალასკაში. 1900-1920-იან წლებში ალასკის უდიდეს ნაწილში გადაადგილების ძირითადი საშუალება მარხილში შებმული ძაღლები იყო. საინტერესოა, რომ ციმბირული ჰასკი და ალასკის მალამუტი ერთადერთი ჯიშის ძაღლებია, რომლებიც არანაირ ვითარებაში ადამიანს არ კბენენ.
ბალტოს მარხილი ალასკის ტუნდრის სიჩუმეში მიიკვლევდა გზას. ამინდი კიდევ უფრო გაუარესდა და გუნარ კაასენმა ორიენტაცია დაკარგა. იგი გაცდა სელმონს, სადაც ანტიტოქსინის გადასაბარებლად ელოდებოდნენ. მალე უკანვე მობრუნდა, მაგრამ გრიგალისებური ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მარხილი გადაყირავდა, წამლის ყუთი კი ღრმა თოვლში ჩაეფლო. კაასენმა სასწრაფოდ დაიწყო თოვლის თხრა და ანტიტოქსინის ძებნა. უკეთ რომ შეეგრძნო თოვლში ჩაკარგული ყუთი, ხელთათმანი გაიძრო და ძიება ისე განაგრძო. კაიურმა ანტიტოქსინი იპოვა, მარხილი მოაწესრიგა და გზა განაგრძო.
2 თებერვალს ბალტოს მარხილი სეიფტი პოინტში იყო, სადაც წამალი ედ რონს უნდა გადაებარებინა. კაიურს ეძინა. რონი ფიქრობდა, რომ დაგვიანებული წამალი სელომონში იყო გაჩერებული. დროის ეკონომიის მიზნით კაასენმა აღარ გააღვიძა კაიური, ამინდიც გამოკეთდა და მან გადაწყვიტა, ნომამდე დარჩენილი გზაც გაევლო. იქამდე 33 კილომეტრი რჩებოდა. გამოდარება დროებითი აღმოჩნდა და კვლავ ქარბუქი ამოვარდა, ყინვაც გაძლიერდა და ქარიც. კაასენს მარხილის მართვა ფიზიკურად აღარ შეეძლო, კიდურები მოეყინა და ვეღარც მოძრაობდა. ერთი შეხედვით ყველანაირი იმედი, რომ წამალი ნომამდე ჩააღწევდა, გაქრა. მაგრამ კრიტიკულ მომენტში ბალტომ მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ძაღლი დამოუკიდებლად გაუძღვა მარხილს, ქარბუქიდან გამოიყვანა და გადაარჩინა დაღუპვას მდინარე ტოპკოკთან. ბალტომ შეუცდომლად იარა, არც ერთხელ არ გადაუხვევია გზიდან და ყველა განსაცდელს აარიდა თავი.
2 თებერვალს კვირას, დილის ექვსის ნახევარზე ბალტოს მარხილი ნომის ცენტრალურ ქუჩაზე შევიდა. ანტიტოქსინმა ქალაქში ჩააღწია. ბალტომ და მისმა ძაღლებმა 85 კილომეტრი შვიდ-ნახევარ საათში გაირბინეს. ანტიტოქსინი გაყინული იყო, თუმცა არ დაზიანებულა. შრატის დახმარებით ნომში დიფტერიის ეპიდემია ხუთ დღეში შეაჩერეს.
ქალაქში შესული ძაღლები ისეთი დაღლილი იყვნენ, ყეფაც არ შეეძლოთ. კაასენმა კი რამდენიმე ადრეულად გაღვიძებული თვითმხილველის წინაშე თავი ვერ შეიკავა და მიწაზე დაეცა.
ბალტოს, ტოგოსა და ამ მარშრუტის მონაწილე თითოეული ძაღლის საოცარმა ერთგულებამ, თავგანწირვამ, გამძლეობამ ათეულობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. განსაკუთრებით დიდი იყო ბალტოსა და ტოგოს როლი, რომელთაც ყველაზე რთულ სიტუაციებში არ დაიხიეს უკან და ამოცანას თავი გაართვეს.
ერთი დრამატული კვირის განმავლობაში ნომი, მთელი ალასკა და მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს ანტიტოქსინის მოგზაურობას. იმედები მხოლოდ ერთგულ ძაღლებსა და გამოცდილ კაიურებზე იყო დამყარებული... მათ მიზანს მიაღწიეს და ბავშვების სიცოცხლე გადაარჩინეს.
ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში მრავალი ძეგლი და მემორიალია. მათ შორისაა ქრისტეფორე კოლუმბის, უილიამ შექსპირის, კლეოპატრას, ლეგენდარული ჯაზმენის, დიუკ ელინგტონის სკულპტურები... მნახველთა ყურადღებას იპყრობს პარკის ერთ მყუდრო კუთხეში მდგარი ძაღლის ბრინჯაოს ძველი ძეგლი. ეს ბალტოა. წარწერა მის ქვემოთ გვამცნობს: “ეძღვნება მარხილის ძაღლების შეუპოვარ სულს, რომლებმაც 600-მილიან უგზოობაში, არასაიმედო ზღვის ყინულისა და არქტიკული ქარბუქის გავლით, მიიტანეს შრატი ნენანადან დაავადებით მოცულ ნომში 1925 წლის ზამთარში”. ძირითადი წარწერის ქვემოთ კიდევ სამი სიტყვაა დატანილი: “გამძლეობა. ერთგულება. ინტელექტი”. ძეგლი იმ ამბიდან ათი თვის შემდეგ დაიდგა.
ეს ძეგლი, ბალტოს სახით, განასახიერებს ტოგოსაც და ყველა იმ ძაღლს, რომლებმაც უიმედო მდგომარეობაში მყოფ ნომს ანტიტოქსინი ჩაუტანეს.
1925 წლის ისტორიული მარშრუტი ძაღლებმა ექსტრემალურ ყინვასა და ქარბუქში გაიარეს. კაიურებმა და ძაღლებმა ალასკის არქტიკული ტუნდრის მთები, ხეობები, მდინარეები რეკორდულად მცირე დროში, დაახლოებით 127,5 საათში გაიარეს. საერთო ჯამში მისიას 150-მდე ძაღლი ასრულებდა. ბევრი მათგანი გზაში გაიყინა და დაიღუპა კიდეც. ამ ძაღლების სახელები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ბალტოს ძეგლი თითოეულ მათგანს ეკუთვნის...
ბალტოსა და ტოგოს თავგანწირვის ამბავს დღესაც სიამაყით იხსენებენ და ასწავლიან ბავშვებს ალასკის შტატის სკოლებში.